logo
ENG



WHO-მ Covid-ის წინააღმდეგ ფაიზერისა და ბიონტექის ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა

01 იან 202117:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/01/ik54c3d06l0akrf.png

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ ფაიზერისა და ბიონტექის ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაცია WHO-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შეეძლებათ დააჩქარონ ვაქცინის დამტკიცებისა და იმპორტისთვის გათვალისწინებული რეგულაციები. ეს გადაწყვეტილება ასევე საშუალებას მისცემს Unicef-სა და ჯანდაცვის პანამერიკულ ორგანიზაციას, შეიძინონ და გაავრცელონ ვაქცინა ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც საკმარისი შემოსავალი არ აქვთ. 

WHO-ს გენერალური დირექტორის თანაშემწე მარიანგელა სიმაუ ამბობს, რომ ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯია, რადგან ამ გადაწყვეტილებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე გლობალური წვდომა იქნება უზრუნველყოფილი.

ვაქცინის გამოყენება უკვე დაიწყეს დიდ ბრიტანეტში, გერმანიაში, ამერიკაში. 

ცნობისთვის, დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ე.წ. კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, საქართველომ კორონავირუსის ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის უკვე შეუკვეთა და ის ქვეყანაში "მარტში ან აპრილში შემოვა". აღნიშნული პლატფორმა ოქსფორდისა და მოდერნას ვაქცინებთან ერთად, ზემოხსენებულ ფაიზერის ვაქცინასაც სწავლობს, რომელსაც ბრიტანეთი გამოიყენებს.


close დახურვა